ვიცეპრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის მიხეილ ჯანელიძის სიტყვა
ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო,
პატივცემულო სტუმრებო,
ბატონო აჭარის მთავრობის თავმჯდომარევ,
პატივცემულო ელჩებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ ღონისძიებაზე მოგმართოთ გახსნითი სიტყვით. ეს ღონისძიება - საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ უკვე მეთხუთმეტედ იმართება. იგი პირველად იმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით. ამიტომ, ეს დიდი პატივია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. მაგრამ მე ამასთანავე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც 15 წლის განმავლობაში ძალიან მყარი საფუძველი ჩაუყარეს ამ კონფერენციას და იგი გახადეს წარმატებული საერთაშორისო ფორუმი. ეს ღონისძიება არის უკვე კარგ ტრადიციად ქცეული და იგი საშუალებას იძლევა, რომ პოლიტიკოსებმა, ექსპერტებმა, სტუდენტებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელონ მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, საქართველოს და ჩვენი რეგიონის, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და რაც მთავარია, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
ბათუმის კონფერენცია ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები და ის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს - ეს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე იზეიმა. ამ ღირსშესანიშნავმა თარიღმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა ჩვენი ქვეყნის ისტორია და დაგვანახა, რომ საქართველო განუხრელად მიუყვება ევროპულ გზას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ განსაზღვრეს.
დღეს ჩვენ ვართ ისე ახლოს ევროპულ ოჯახთან როგორც არასდროს. ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩვენი ქვეყნის რეალური ტრანსფორმაციის საფუძველი გახდა. ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა ამ მიზანს მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ.
დღეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზეა. საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში, მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება - ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების თაობაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. ამისთვის ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ, როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, ასევე ახალ შესაძლებლობებს და გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის მზაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპებისთვის.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ასევე მიისწრაფიან გახდნენ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. ცოტა ხნის წინ ბალკანეთის ქვეყნებმა ევროკავშირისგან მიიღეს მკაფიო გზავნილი, რომ ღია კარის პოლიტიკა და გაფართოების მექანიზმი კვლავ ძალაშია. ეს ნათელი გზავნილია საქართველოსთვისაც და მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ბალკანეთის ქვეყნების მიერ გავლილი ევროპული გზის შესახებ. წლევანდელი კონფერენცია საშუალებას მოგვცემს ამ საკითხებს ჯეროვანი ყურადღება დავუთმოთ.
21-ე საუკუნეში შექმნილი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს და მთლინად რეგიონს და ევროპას. სამწუხაროდ კვლავ ხდება ერთი ქვეყნის მხრიდან მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას.
მიუხედავად აღნიშნულისა საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერით.
არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლის ზრდა რეგიონში. ნათელია, რომ მეტი დისკუსია, თანამშრომლობა და პარტნიორობაა საჭირო მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმაღლეს წარმომადგენელს ქალბატონ მოგერინის ევროკავშირის პარლამენტში სულ ეხლახანს გაკეთებული მოხსენებისთვის, რომელიც ეხებოდა რეზოლუციას სახელწოდებით “რუსეთის შემოჭრა საქართველოში და 10 წელი რუსეთის მიერ საქართელოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ”, სადაც მკაფიოდ დაფიქსირდა ევროკომისიის ხედვა კონფლიქტთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ევროკავშირის პარლამენტი ასევე მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც ექნება მხარდაჭერა ევროკავშირის ყველა ძირითადი ევროპული პარტიის მხრიდან და რომელიც ნათლად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც უკავშირდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას.
ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. თვეზე ნაკლები რჩება ბრიუსელში ნატოს სამიტამდე. ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. ალიანსი საქართველოს აფასებს, როგორც სამაგალითო ქვეყანას, რომელსაც იმავე სახის დემოკრატიული ფასეულობები გააჩნია, რაც ნატო-ს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ის პროგრესი, რასაც საქართველომ ბოლო წლებში ალიანსთან ინტეგრაციის კუთხით მიაღწია, სათანადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას იძლევა, ქვეყანამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს რეგიონის ეკონომიკური დერეფნების განვითარების კუთხით. გახსნილი საზღვრები და ბაზრები, საერთაშორისო პროექტებში მეტი ჩართულობა, ენერგოდერეფნების განვითარება, აღმოსავლეთის და დასავლეთის ერთმანეთთან დაკავშირება - ეს ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშნელოვანესი ნაბიჯებია. ეს არის გზა, რომელსაც საქართველო ადგას და ამ საკითხებზე საუბარს კონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა.
ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციისთვის საქართველოს მთავრობა და ევროკომისია იწყებს სრულიად ახალი სახის თანამშრომლობას. იქმნება უმაღლესი დონის ფორმატი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. ეს ფაქტი ცალსახად მეტყველებს ევროკავშირის და კერძოდ, ევროკომისიის დიდ ინტერესზე, გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ გზაზე, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ ძალიან აქტიურად იმუშავა გასული წლის განმავლობაში. საქართველოს მის მომავალს ევროპაში ხედავს, ეს აისახა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში და მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგანაც იგი მკაფიოდ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას და ასახავს პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა განუხრელად გაუყვება მომდევნო წლების განმავლობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით და ღირსეულად გაივლის ამ ევროპულ გზას და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები.
მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის, კონფერენციაში მონაწილეობისთვის, იმედია თქვენ ისიამოვნებთ ბათუმით, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება და ასევე სასარგებლო იქნება თქვენთვის კონფერენციაში მონაწილეობა და განხილვებში ჩართულობა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.